ხვალ ვიმსჯელებთ გარკვეული რეგულაციების შემოტანაზე - პრემიერის თქმით, პანდემია ჩაკეტვებით ვერ დამარცხდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ, Pfizer-ის ვაქცინით აიცრა, აცხადებს, რომ პანდემიის დასრულების ერთადერთი გზა ვაქცინაციაა.
მან მოსახლეობას აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციაში, პანდემიის დასამარცხებლად არის ვაქცინაცია.
„ჩვენ და მსოფლიომ გამოსცადა ყველაფერი - ლოკდაუნები, სრული ჩაკეტვები და ა.შ. რამაც გამოიწვია ძალიან დიდი ზიანი, ეკონომიკას მიადგა დიდი ზიანი, მილიონობით ადამიანი მსოფლიოში დარჩა უმუშევარი და დაინგრა ეკონომიკები“,- თქვა პრემიერმა და აღნიშნა, რომ გარკვეული რეგულაციების შემოღებაზე მსჯელობა ხვალ გაიმართება.
„ხვალ ვიმსჯელებთ გარკვეული რეგულაციების შემოტანაზე, როგორიც არის ნიღბების ტარება, მით უმეტეს, შევდივართ რა აქტიურ საარჩევნო ფაზაში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ გარკვეული სტანდარტით ჩავატაროთ არჩევნები. გამოვედი ინიციატივით, რომ ცესკოს შევთავაზეთ, მაქსიმალურად მოკლე დროში, ვაქცინაცია ჩავუტაროთ კომისიის ყველა წევრს, ასევე კანდიდატებს გვსურს, რომ შევთავაზოთ ვაქცინაცია და ყველას ვინც არის ჩართული არჩევნებში, იმისათვის, რომ მართლაც მაღალი სტანდარტით ჩავატაროთ კოვიდისგან დაცული უსაფრთხო არჩევნები“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.