ისეთი თემები, როგორიც არის ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენი დამოუკიდებლობა, ომი, ტრაგედია, ამაზე, ამ ერთ დღეს მაინც შეწყვიტეთ ეს პოლიტიკური სპეკულაციები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და აღიარებული რუსეთის მიერ, შესაბამისად, ამაზე უნდა ვისაუბროთ და იმაზე ვიფიქროთ, როგორ დავძლიოთ ოკუპაცია.
„ეს არის სირცხვილი, ამ თარიღებით სპეკულირება. ამაზე სპეკულირება არის სირცხვილი. ფაქტებზე და შედეგზე ისაუბრეთ. შედეგი არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და აღიარებული რუსეთის მიერ. შესაბამისად, ამაზე უნდა ვისაუბროთ და იმაზე ვიფიქროთ, როგორ დავძლიოთ ოკუპაცია. თქვენი ხელისუფლება, სააკაშვილის, თქვენი ლიდერის და თქვენი მფლობელის და მაკონტროლებლის ხელისუფლება, ყოველთვის 8 აგვისტოს აღნიშნავდა. ეს იყო დამკვიდრებული პრაქტიკა და ტრადიცია. მე გთხოვთ, რომ ისეთი თემები, როგორიც არის ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენი დამოუკიდებლობა, ომი, ტრაგედია, ამაზე, ამ ერთ დღეს მაინც შეწყვიტეთ ეს პოლიტიკური სპეკულაციები“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის, 170 სამხედრო მოსამსახურე იყო. ომში დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 სამხედრო მოსამსახურე. ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ხუთ დღეს გაგრძელდა, აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა კი, მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურების შედეგად მოხერხდა. ომის დასრულებიდან მალევე, რუსეთმა აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა აღიარა. 2008 წელს გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ოფიციალური მოსკოვი დღემდე არ ასრულებს.