მოლდოვის პარლამენტმა, ხმათა უმრავლესობით, დაამტკიცა მინისტრთა ახალი კაბინეტი ფინანსთა ყოფილი მინისტრის ნატალია გავრილიტას ხელმძღვანელობით.
ნატალია გავრილიტას კანდიდატურა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვეულმა მმართველმა პარტიამ "მოქმედება და სოლიდარობა" წარადგინა, რომელსაც დაეთანხმა ქვეყნის პრეზიდენტი მაია სანდუ.
ნატალია გავრილიტამ მოლდოვის პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა წარუდგინა.
პარლამენტის სპიკერის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანომ გავრილიტას მთავრობა და პროგრამა 61 ხმით დაამტკიცა.
გავრილიტამ პირობა დადო, რომ მომავალ კვირას გამართავს მთავრობის პირველ შეხვედრებს, რათა მინისტრთა კაბინეტმა რაც შეიძლება მალე დაიწყოს მუშაობა.
გავრილიტას მთავრობა წინამორბედისგან განსხვავებით უფრო მრავალრიცხოვანია. მის შემადგენლობაში უწინდელი 9 მინისტრის ნაცვლად, 13 მინისტრია.