ტაჯიკეთში მასშტაბური სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს რუსეთის, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის შეიარაღებული ძალების მონაწილეობით.
სამხედრო სწავლება ავღანეთში რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების "თალიბანის" გააქტიურების ფონზე იმართება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ცნობით, სამხედრო მანევრებში ჩაერთვება 2.5 ათასზე მეტი ადამიანი და დაახლოებით 500 ერთეული იარაღი და სამხედრო ტექნიკა, მათ შორის 1.8 ათასზე მეტი რუსი სამხედრო და 420 ტექნიკა ტაჯიკეთში განთავსებული რუსეთის 201-ე სამხედრო ბაზიდან.
სამხედრო წვრთნები ტაჯიკეთის ხატლონის ოლქი მიმდინარეობს, ავღანეთის საზღვრიდან დაახლოებით 20 კილომეტრში.
წვრთნების მიმდინარეობისას სამხედროები სხვადასხვა სცენარით იმოქმედებენ, მათ შორის ავღანეთიდან ტაჯიკეთში მებრძოლთა შეღწევის თავიდან ასაცილებლად.
საჰაერო მანევრირებისთვის რუსეთმა ანექსირებული ყირიმიდან ტაჯიკეთში რამდენიმე Су-25 მოიერიშე გაგზავნა.
ავღანეთში უსაფრთხოების მდგომარეობა ბოლო პერიოდში მკვეთრად გაუარესდა. შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების სამხედრო მისია ოფიციალურად სრულდება 31 აგვისტოს. ამის პარალელურად, თალიბანის დაჯგუფება ავღანეთის სულ უფრო და უფრო მეტ ტერიტორიაზე ამყარებს კონტროლს.