მოსახლეობა წყლის საფასურს სამოქალაქო რეესტრის ბაზების მონაცემების საფუძველზე გადაიხდის.
დღეს, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სამოქალაქო რესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ლაშა გოცირიძემ და შ.პ.ს `საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის~ დირექტორმა ირაკლი კვაშილავამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის თანახმად აბონენტები სასმელი წყლის მიწოდების საფასურს სამოქალაქო რეესტრის ბაზის მონაცემების მიხედვით გადაიხდიან.
ცნობისთვის, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში იმუშავებს `საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის~ ოპერატორებიც. ამავე სამსახურებში მოხდება ახალი აბონენტის რეგისტრაციაზე განაცხადების მიღება, აბონენტების აღრიცხვასა და დავალიანებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მოქალაქეებისთვის კონსულტაციის გაწევა და ინფორმაციის მიწოდება.
როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, აღნიშნული სიახლით, წყალმომარაგების გადასახადის კუთხით მოწესრიგდება აბონენტთა აღრიცხვიანობა და მოგვარდება საქართველოში მოსახლეობის რეგისტრაციის პრობლემა.
`მნიშვნელოვანია ის რომ საქართველოში ყველა უნდა იყოს რეგისტრირებული იქ სადაც ფაქტობრივად ცხოვრობს. ჩვენ გარკვეულწილად `ვაიძულებთ~ მესაკუთრეებს, რომ გაასწორონ მათ საკუთრებაში რეგისტრირებულ ადამიანებზე არსებული ინფორმაცია და მოხსნან რეგისტრაციიდან ის ადამიანები, რომლებიც რეალურად არ ცხოვრობენ კონკრეტულ მისამართზე~,-განაცხადა ვაშაძემ.
ირაკლი კვაშილავას თქმით, ამ დრომდე `გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას~ ჰქონდა მონაცემთა საკუთარი ბაზა, თუმცა სამოქალაქო რეესტრის მონაცემები უნიკალურია და კომპანია სწორედ ამ ბაზას გამოიყენებს.
"აღნიშნული, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს აბონენტთა აღრიცხვიანობის მოწესრიგებას, რადგან მოსახლეობას რეალურად სულადობის მიხედვით უნდა დაერიცხოს წყალმომარაგების გადასახადი~, _ განაცხადა კვაშილავამ.
ცნობისთვის აღნიშნული სერვისი არ ეხებათ თბილისის, რუსთავისა და აჭარის რეგიონის მოსახლეობას.
ამ სიახლესთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება შესაძლებელია `ცხელი ხაზის~ ნომერზე 72 90 90.