მხოლოდ ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონა ათას სამუშაო ადგილზე მეტს შექმნის. პრეზიდენტის ეს პოზიცია საზოგადოებას დღეს გამართულ ბრიფინგზე მისმა პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააცნო. მისი თქმით, ამ რიცხვის შენარჩუნება პროექტის განხორციელების დასრულების შემდეგაც მოხდება
"ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონა, რომელიც უახლოს მომავალში ამოქმედდება, საწყის ეტაპზე ათას სამუშაო ადგილს შექმნის. ამ რიცხვის შენარჩუნება პროექტის განხორციელების დასრულების შემდეგაც მოხდება, როცა ქობულეთში ახალი სასტუმროები აშენდება და ტურისტული ინფრასტრუქტურა აღდგება", - პრეზიდენტის ეს პოზიცია საზოგადოებას დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე მისმა პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააცნო.
ქობულეთში თავისუფალი ტურისტული ზონის შექმნის შესახებ ორი თვის წინ გაცხადდა. კომპანიების მიერ შესაბამისი განაცხადების მიღება ეკონომიკის სამინისტროში 30 ოქტომბერს უნდა შეწყვეტილიყო, თუმცა ინვესტორთა დაინტერესების გამო აღნიშნული ვადა 15 დეკემბრამდე გახანგრძილვდა. შეიცვალა პროექტითYგათვალისწინებული სასტუმროების რაოდენობაც. თუკი აქამდე ზონაში 27 სასტუმროს მშენებლობაზე იყო საუბარი, ახლა იქ 30 ახალი ობიექტი განთავსდება.
ეკონომიკის სამინისტროში ამ დროისთვის 60-ზე მეტი განაცხადია შესული, მათგან 8 კომპანია უკვე შერჩეულია. იმ კომპანიებს, რომელთა პროექტების განხილვა უკვე დასრულებულია, ქობულეთში შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების დაწყება უკვე შეუძლიათ. წინასწარი ინფორმაციით, 8 კომპანიის მიერ 15 ობიექტის მშენებლობას ზონაში საფუძველი ნოემბერშივე ჩაეყრება.