ოპოზიციასა და უმარავლესობას შორის სასრჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მოლაპარაკები უახლეოს მომავალში დაიწყება.
ამის შესახებ სესიაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" წევრის ლევან ვეფხვაძის გამოსვლის კომენტირებისას განაცხადა. ვეფხვაძემ უმრავლესობას მოუწოდა, კონსულტაციების თარიღი და ადგილი დაესახელებინა.
"კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს. ფაქტიურად დასრულებულია ორგანიზაციულ მხარე. კონსულტაციების დაწყების შესახებ განცხადებას უახლეს დღებში გავაკეთებთ, რადგან უკვე ფინალურ სტადიაზე ვიმყოფებით", - აღნიშნა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გუშინ "ქრისტიან-დემოკრატებს და "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს ირაკლი ალასანიას შეხვდა. შეხვედრაზე ბაქრაძემ და ალასანიამ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების დაწყების საკითხი განიხილეს.
შეგახსენებთ, რომ 8 ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ხელისუფლებას მათ მიერ შემუშავებული ახალი კოდექსი შესთავაზა, რაზეც კონსულტაციებისთვის მზადყოფნა პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე განაცხადა. ახალი კიდექსი "ეროვნული ფორუმის", "თავისუფალი დემოკრატების", "რესპუბლიკელების" "ახალი მემარჯვენეების", "კონსერვატორების" "ხალხის პარტიის" და ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენლების მიერ შემუშავდა.