"ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატეის" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან შეხვედრის მეორე დღეს, კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში დაიწყება. ალასანიას თქმით, მოლპარაკებების პროცესში ჩართვა ყველა იმ ოპოზიციურ პარტიას შეეძლება, ვისაც საარჩევნო გარემოს შეცვლასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გააჩნია.
"ლაპარაკიდან ყველანი უნდა გადავიდეთ კონკრეტულ საქმეზე. უნდა დავიწყოთ სარარჩევნო გარემოს შეცვლის პროცესი, რაც თვითეულ ჩვენს მოქალაქეს მისცემს საშუალებას გააკეთოს თავისუფალი არჩევანი. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ უახლოეს დღეებში დაიწყება პროცესი საარჩევნო გარემოს შეცვლის. ამ პროცესის კარები ღიაა ყველა იმ სუბიექტისთვის, ვისაც აქვს სურვილი და მოსაზრებები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეიცვალოს საარჩევნო გარემო ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა ალასანიამ.
ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რომელი პარტიები იქნებიან ჩართულები ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების პროცესში, თუმცა ცნობილია, რომ საპარლამენტო უმრავლეობის წევრებმა ასევე, არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა მოლაპარკაბებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს. შესაძლოა მოლაპარაკაბებში საერთაშორისო და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებიც ჩაერთონ.
ცნობისათვის: გუშინ, ირაკლი ალასანია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს შეხვდა. ალასანიას პარტიის პრესსამახურის ცნობით, შეხვედრა ბაქრაძის ინიციატივით გაიმართა და იქ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გასამართ მოლაპარაკებებზე იყო საუბარი. აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით, საარჩევნო კოდექსის შეცვლის ინიციატორი 8 პარტია საქმის კურსში იყო.