დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ IRI-ს მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ის ყველაზე რეიტინგულ ქართველ პოლიტიკოსად დასახელდა, პირველი შეფასება გააკეთა.
კახა კალაძის განცხადებით, მან კარგად იცის ამომრჩეველთა განწყობები სწორედ იმ უწყვეტი და მჭიდრო ურთიერთობების შედეგად, რომელიც მას თბილისის მოსახლეობასთან აქვს.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ბედნიერია იმ მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის, რომელსაც მოსახლეობისგან მუდმივად გრძნობს.
მისივე თქმით, პოლიტიკოსის საქმიანობის შეფასების საუკეთესო გზას არა კვლევები, არამედ არჩევნები წარმოადგენს.
„აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით, რომ მე არავის ვეჯიბრები. მე ვიცი მოსახლეობის განწყობა ჩემ მიმართ და ამის თქმის უფლებას მაძლევს ის ურთიერთობა, რომელიც მაქვს თბილისის მოსახლეობასთან. უამრავი შეხვედრა მქონდა ყველა რაიონში, წლების განმავლობაში არ გამიწყვეტია ეს კომუნიკაცია ადამიანებთან. ზოგადად, პოლიტიკოსისთვის მის მიმართ საზოგადოების განწყობა და არსებული დამოკიდებულება მნიშვნელოვანია. ბედნიერი ვარ, რომ თბილისელების მხრიდან მაქვს ასეთი თანადგომა და მხარდაჭერა, რომელსაც ყოველდღიურად ვგრძნობ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს სიყვარული და კეთილგანწყობა, რაც მოდის მოსახლეობისგან, დავუბრუნო მათ კონკრეტული, გაკეთებული საქმეებით, რითაც იამაყებენ ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანები.
მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავს, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკოსს აქვს რეალური შესაძლებლობა, ღირსეულად უპასუხოს გამოწვევებს. შესაბამისად, არჩევნები საუკეთესო გამოსავალია, მოხდეს კონკრეტული პარტიების და პოლიტიკოსების შეფასება“, - განაცხადა კახა კალაძემ.