ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ბინაზე ვაქცინაცია მხოლოდ მწოლიარე პაციენტებისთვის ხორციელდება. გაბუნიას თქმით, ამ ეტაპზე ასეთი პაციენტებისთვის ვაქცინაცია ტარდება "სინოფარმისა" და სინოვაკის ვაქცინებით.
გაბუნიას განცხადებით, იმ მოქალაქეებს, ვისაც მსგავსი მომსახურეობის მიღება სურთ, უნდა დარეკონ 15 22-ზე.
"ბინაზე აცრა მობილური ჯგუფების საშუალებით არის მხოლოდ ბინასმიჯაჭული ისეთი პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ მძიმე ქრონიკული დაავადება, არიან მწოლიარე და მათი გადმოყვანა სამედიცინო დაწესებულებაში ვერ ხერხდება. ამ მოქალაქეებისგან ჩვენ ვიღებთ დიდი ხანია 15 22-ზე შეტყობინებებს ვაქცინაციის ბინაზე ჩატარებასთან დაკავშირებით და მიმდინარე პერიოდში ტარდება ვაქცინაცია "სინოფარმითა" და "სინოვაკით", თუმცა სამომავლოდ ვფიქრობთ, რომ შესაძლოა ეს "ფაიზერის" და "ასტრაზენეკას" ვაქცინაზეც გავრცელდეს.
მობილური ჯგუფი მიდის ბინაზე სასწრაფო გადაუდებელ დახმარების სამსახურთან ერთად, ბინაზე ტარდება ვაქცინაცია, იქ რა თქმა უნდა, დაკვირვების პერიოდიც არის გათვალისწინებული. აჭარაც გააქტიურებს ამ სერვისს მოკლე ხანში და ასევე, შესაძლებელი იქნება სხვა რეგიონებშიც”, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.