საქართველოში გამდიდრებული ურანის შემოტანის ბრალდებით მესამე პირია დაკავებული. სომხეთის მოქალქაე გარიკ დადასიანი სომეხმა სამართალდამცველებმა ჯერ კიდევ აპრილში დააკავეს, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია ახლა ვრცელდება. ინფორმაცია გარიკ დადასიანის დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ სომხურ მხარეს ქართველმა სამართალდამცველებმა მიაწოდეს.
არსებული ინფორმაციით, დადასიანი სომხეთის იმ ორ მოაქალაქესთან ერთად მოქმედებდა, რომლებიც საქართველოში გამდიდრებული ურანის შემოტანას სიგარეტის კოლოფით ცდილობდნენ.
არსებული ინფორმაციით, დადასიანი მსგავსი ბრალდებით 2003 წელსაც იყო დაკავებული, თუმცა იგი გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში გამდიდრებული ურანის შემოტანას სომხეთის ორი მოქალაქე ტონოიანი და ოჰაიანი ერევანი-თბილისის სარკინიგზო რეისის მეშვეობით ცდილობდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია ბრიტანულმა გამოცემამ, "გარდიანმა" გაავრცელა.
ცნობისათვის: აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გასული წლის მარტში პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ში გამართულ ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე ისაუბრა.