საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე გიგა ბოკერია ქვეყნის დემოკრატიის განვითარების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტად რადიკალურად დაპირისპირებულ პოლიტიკურ მხარეებს შორის "პოლიტიკური კულტურის" ჩამოყალიბების მიღწევას ასახელებს.
"შეიძლება არასერიოზული იყოს რომელიმე კონკრეტული სფეროს მეორეზე მაღლა დაყენება, მაგრამ თავს უფლებას მაინც მივცემ და ვიტყვი, რომ დემოკრატიის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ორი კომპონენტია: რადიკალურად დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება, დისკუსიის დამკვიდრების მიღწევა და ნაფიცმ საჯულთა ინსტიტუტის შემოღება", - განაცხადა ბოკერიამ აშშ-საქართველოს ქარტიის ფარგლებში შექმნილი დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მეორე კომპონენტთან დაკავშირებით, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ აღნიშნული "მოსახლეობას ქვეყანაზე ბატონ-პატრონობის უფლებას დაუბრუნებს".
"ჩვენი ოპონენტები ხშირად გვაკრიტიკებენ, რომ პასუხისმგებლობის ხალხზე გადატანა გვინდა. დიახ, გვინდა ჩვენს ქვეყანაზე პასუხისმგებლობა ხალხს "ავკიდოთ", - განმარტა ბოკერიამ.