საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე"თავისუფალ დემოკრატების" ლიდერს ირაკლი ალასანიას შეხვდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, დავით ბაქრაძისა და ირაკლი ალასანიას საუბარი შეეხო საარჩევნო გარემოს გარჯობესებისკენ მიმართული პროცესის დაწყებას.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ ხელისუფლება მზად არის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის მუშაობის დასაწყებად.
იგივე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მოსაზრება გააჟღერა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანანა მანჯგალაძემ.
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის აზრით, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები "ყველანაირი წინაპირობისა და ულტიმატუმების გარეშე უნდა დაიწყოს".
"პრეზიდენტი მიესალმება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე მოლაპარაკებების გამართვას, რომელიც უახლოს მომავალში, საკანონმდებლო ორგანოში დაიწყება. ის, თავის მხრივ, ადასტურებს მხარდაჭერას, თუმცა მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებები ყველანაირი წინაპირობისა და ულტიმატუმის გარეშე უნდა დაიწყოს", - განმარტა მანჯგალაძემ.
ამასთან, პრეზიდენტის შეფასებით, აღნიშნულ საკითხზე პოლიტიკურ მხარეებს შორის დიალოგის დაწყება დემოკრატიის განვითარების კუთხით გადადგმული ნაბიჯი იქნება.
შეგახსენებთ, რომ რვა ოპოზიციურმა პარტიამ - "ახალი მემარჯვენეები", "ეროვნული ფორუმი", "საქართველოს გზა", "კონსერვატიული პარტია", "რესპუბლიკური პარტია", „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები", „ხალხის პარტია" - ხელისუფლებას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების ინიციატივით მიმართა, რასაც საპარლამენტო უმრავლესობამ დადებითად უპასუხა.