ოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში "pfizer"-ით იმუნიზაციის პროცესს გაეცნენ.
დიპლომატმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, როგორც ადამიანთა ჯანმრთელობის დასაცავად, ასევე ქვეყნების ეკონომიკის გახსნისთვის.
„აშშ მოხარულია, რომ შეძლო საქართველოსთვის „pfizer"-ის ვაქცინის 500 000 დოზის საჩუქრად გადაცემა და მოხარულები ვართ, რომ ამდენი ქართველი რეგისტრირდება და იცრება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც „დელტა“ ვარიანტი საქართველოშიც არის და დაინფიცირების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ვაქცინაცია საუკეთესო გზაა, დაიცვა საკუთარი თავი, საყვარელი ადამიანები და ეკონომიკა პანდემიისგან. მოვუწოდებ ადამიანებს, გთხოვთ, აიცერით, ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა აშშ-ს ელჩმა.
ჯანდაცვის მინისტრმა მოქალაქეებს იმუნიზაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და საზოგადოებას შეახსენა, რომ ვაქცინაციის გარდა, პანდემიასთან ბრძოლის პროცესში მნიშვნელოვანია ნიღბის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.
„აუცილებელია გავუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას. ახლა, როცა ვხედავთ, თუ რამდენად მომატებულია ბავშვებში ინფიცირების შემთხვევები, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ საკუთარ შვილებს და გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სქემის მიხედვით, "pfizer"-ით იმუნიზაციის პროცესში 37 სამედიცინო დაწესებულებაა ჩართული. ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებში. გააქტიურებულია 15 22-ის და 144 - 3-ის ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეებს რეგისტრაციასთან დაკავშირებული შეკითხვების და პრობლემების შემთხვევაში დარეკვის შესაძლებლობა აქვთ.