ვატიკანმა, ისტორიაში პირველად, გამოაქვეყნა ინფორმაცია თავისი უძრავი ქონების შესახებ და მიუთითა, რომ მსოფლიოში 5 000-ზე მეტ ობიექტს ფლობს, რომელთა უმეტესობა იტალიაში მდებარეობს. იუწყება Reuters-ი.
ინფორმაცია შეიცავს ორ დოკუმენტს: წმინდა საყრდის 2020 წლის ფინანსურ ანგარიშს და წმინდა საყრდის ქონების მართვის საჯარო ბიუჯეტს. (APSA).
APSA, რომელიც ვატიკანის ერთგვარ საბიუჯეტო ადმინისტრაციას წარმოადგენს, განაგებს ქონებას და ინვესტიციებს. საბიუჯეტო ადმინისტრაციის მეშვეობით ხორციელდება ვატიკანში დასაქმებულ პირთა ანაზღაურება და შესყიდვები, ასევე მართავს ადამიანურ რესურსებს.
APSA-ს 30-გვერდიანი ბიუჯეტიდან ირკვევა, რომ მას ეკუთვნის იტალიაში უძრავი ქონების 4 051 ობიექტი, ხოლო 1 120 - საზღვარგარეთ, აქ გათვალისწინებული არ არის საელჩოები მთელ მსოფლიოში.
გავრცელებული დოკუმენტით ირკვევა, რომ ვატიკანის ხელთ არსებული უძრავი ქონების მხოლოდ 14 პროცენტი ქირავდებოდა საბაზრო ფასების შესაბამისად, მაშინ, როცა დანარჩენი ქონება გაცილებით დაბალ ფასებში ქირავდებოდა, მათ შორის ეკლესიის მსახურებზე. ობიექტების დაახლოებით 40 პროცენტი წარმოადგენს ინსტიტუციურ შენობებს - სკოლებს, მონასტრებსა და საავადმყოფოებს.
დოკუმენტაციამ ცხადყო, რომ APSA ფლობს საინვესტიციო უძრავ ქონებას ლონდონის, ჟენევის, ლოზანასა და პარიზის პრესტიჟულ რაიონებში.
აღსანიშნავია, რომ ლონდონში, სამხრეთ კენსინგტონის რაიონში, მხოლოდ ერთმა შენობამ უდიდესი წაგება მოიტანა, მას შემდეგ რაც იგი ვატიკანის სახელმწიფო სამდივნომ 2014 წელს ინვეტიციის სახით შეიძინა. ამ შესყიდვამ სკანდალში გახვია ვატიკანი და მისი ერთ-ერთი მაღალი რანგის სასულიერო პირი, პაპის ყოფილი მდივანი, კარდინალი ჯოვანი ანჯელო ბეჩუ.
სამშაბათს ვატიკანში დაიწყება სასამართლო პროცესი 10 ადამიანის, მათ შორის კარდინალ ბეჩუს მიმართ, ობიექტის შეძენასთან დაკავშირებით. ამ პირებს წარდგენილი აქვთ ბრალი ფინანსურ დანაშაულებში, გამოძალვასა და სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში.
წმინდა საყდრის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, რომელიც შაბათს, 24 ივლისს გამოქვეყნდა, 2020 წლის დეფიციტმა 64,8 მლნ ევრო შეადგინა, 2019 წლის დეფიციტი 79,2 მლნ ევრო იყო.
COVID-19-ის პანდემიამ 2020 წელს ძლიერი დარტყმა მიაყენა ვატიკანს.
თებერვალში დასაველთის მედია იუწყებოდა, რომ ვატიკანმა სკანდალების ფონზე მილიარდი ევროს ღირებულების აქტივების რევიზია დაიწყო.