ჯაშუშობაში ბრალდებული რუსეთის ოთხი მოქალაქის საქმეზე საქართველო მზად არის რუსეთთან მოლაპარაკებები დაიწყოს. ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ გააკეთა.
მისი თქმით, რუსულმა მხარემ, რომელსაც საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობა არ აქვს, საქართველოში არსებული შვეიცარიის საელჩოს შუამავლობით ჯაშუშობაში ბრალდებული რუსეთის ოთხი მოქალაქის შესახებ ინფორმაცია მოითხოვა. შესაბამისი მონაცემების მიღების შემდეგ მოსკოვი აპირებს შესაბამისი საკონსულო მოქმედებების ჩატარებას.
"ჩვენ მზად ვართ ამ საკითხთან დაკავშირებით", _ განაცხადა კალანდაძემ და ამასთა ერთად რუსეთის რეაქციას რუსეთის მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით "არაადეკვატური" უწოდა.
"ეს ძალიან მგრძნობიარე საკითხია. ეს ის საკითხია, რომელზეც ჩვენ თვალს ვერ დავხუჭავთ. ჩვენ თავს უფლებას ვერ მივცემთ ამ საკითხზე თვალი დავხუჭოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ამან შეიძლება ვიღაცის გაღიზიანება გამოიწვიოს ან ვინმე ამას არასწორად გაიგებს. ამ ქმედებას (ჯაშუშობაში ბრალდებულების დაკავებას) განახორციელებდა ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც თავის თავს პატივს სცემს. შესაბამისად, ჩვენ მოვიქეცით ისე, როგორც უნდა მოვქცეულიყავით", _ განაცხადა მინისტრის მოადგილემ და იმედი გამოთქვა, რომ ეს ინციდენტი ამოწურულად ჩაითვლება, იმ შემთხვევაში თუკი ქართული მხარე, ამ საქმეში ვერ აღმოაჩენს ახალ ჯაშუშურ ფაქტებს და საქართველოს ტერიტორიაზე რუსული დაზვერვის აგენტები მეტი არ იქნებიან.
ხოლო რაც შეეხება უკვე დაკავებული რუსეთის მოქალაქეების ბედს, კალანდაძის თქმით, რუსეთის მოქალაქეების ბედი მოლაპარაკებათა შედეგად გადაწყდება _"ხოლო მათი გათავისუფლება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივაა".
კითხვაზე პასუხის გაცემისას ეს ჯაშუშური სკანდალი საქართველოს კიდევ უფრო მეტ ზიანს ხომ არ მიაყენებს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ქართულ მხარეს ეს არ აშინებს. მისივე თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ამის გარეშეც უკვე ისეა გაფუჭებული, რომ მეტი აღარ შეიძლება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ასევე აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოების რეაქციის მიუხედავად, საქართველოსათვის ეს "ზუსტად ის საკითხია სადაც საკუთარი სუვერენიტეტის დაცვა ნებისმიერ ფასად მოგვიწევს".
მასალის გამოყენების პირობები