ოპოზიციური პარტიების ნაწილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა.
დღესვე, მოძრაობა "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია - თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დასახელდა. "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე კი ვიცე-მერობის კანდიდატად.
"აქ ვდგავარ მარტო, რადგან პომპეზურობის ადგილი არ არის ქვეყანაში, სადაც ჟურნალისტებს სცემენ. პომპეზურობის ადგილი არ არის ქვეყანაში, სადაც ადამიანები ვერც სიმართლეს და სამართალს პოულობენ, პომპეზურობის ადგილი არ არის ქვეყანაში, სადაც ადამიანები კოვიდ პანდემიასთან არიან მიტოვებულები. დღეს მთავარი ჩვენი ყველას სათქმელია რომელსაც საქმე მოჰყვება და საბოლოოდ საერთო გამარჯვებით დასრულდება... მახსენდება, როგორი რთული იყო ჩემი გზა დღევანდელ დღემდე.. როცა პირველად ვიყარე კენჭი თბილისის მერად. მაშინ არც მე და არც საზოგადოება არ იყო ჯერ მზად, დაემარცხებინა ამხელა ბოროტება... არასდროს შემშინებია ბრძოლის, იმიტომ რომ ვიცი, მართალი ბრძოლა საბოლოო ჯამში გამარჯვებით სრულდება... დადგა დრო ეს ყველაფერი სამუდამოდ დასრულდეს ყველასთვის მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიებისა", - განაცხადა ნიკა მელიამ პრეზენტაციაზე.
ნიკა მელიას განცხადებით, თბილისის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა და საქართველოს გამარჯვება თბილისის გამარჯვებაა.
თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.