საქართველოს პრეზიდენტი კახა ბენდუქიძეს მადლობას უხდის
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კახა ბენდუქიძეს მადლობას უხდის. ქვეყნის პირველი პირის აზრით, კახა ბენდუქიძე უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნებულ ბიზნესმენებს შორის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მამულიშვილია, რომელიც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებს.
"მინდა კახა ბენდუქიძეს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რასაც ის აკეთებს. ბევრი ადამიანი გვინახავს საქართველოში დაბრუნებული, წარმატებული ბიზნესკარიერითა და სახელით - არაერთი გამოადგა ქვეყანას, მაგრამ მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მამულიშვილი კახა ბენდუქიძეა", - განაცხადა სააკაშვილმა თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებთან შეხვედრაზე.
მისი შეფასებით, ბენდუქიძე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ურთულეს პერიოდში ხელმძღვანელობდა, ახლა კი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევა.
"ის საქართველოს ეკონომიკის მინისტრი იყო ყველაზე რთულ პერიოდში, შემდეგ წამოვიდა მთავრობიდან, მაგრამ განსხვავებით მთავრობის ბევრი წევრისგან, რომელმაც ჩვენი გუნდი დატოვა (ზოგიერთი გაბოროტდა, გამწარდა) მას არანაირი პრობლემა არ შეჰქმნია სხვა საქმის კეთების. იმაზე მნიშვნელოვანი საქმე, ვიდრე განათლების დანერგვაა ჩვენს ქვეყანაში, ვიდრე ახალი სტანდარტების შემოტანა ჩვენს განათლების სისტემაში, არც ერთს არ გვაქვს", - დასძინა ქვეყნის პირველმა პირმა.