საქართველოს ხელისუფლება ახალგორის რაიონში ოკუპანტების მიერ გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით პრობლემის მოგვრებას დიპლომატიური გზით ცდილობს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა განუცხადა.
"ამ დროისთვის რაც ჩვენ ხელთაა - ეს არის დიპლომატიური იარაღი. მჭიდრო კავშირი გვაქვს ევროკავშირის მისიასთან და მათი დახმარებით ვეცდებით ახალგორის მოსახლეობის პრობლემის მოგვარებას", - აღნიშნა მინაშვილმა.
მისი თქმით, ყველა ფაქტზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, ხელისუფლება მყისიერ რეაგირებას ახდენს და ყველა დიპლომატიურ წამომადგენლობას მიეწოდება.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან ახალგორის ოკუპირებულ რაიონში შესვლა მხოლოდ ე. წ. ფორმა # 9-ით იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ახალგორიდან მოსახლეობამ აცნობა.
მათი თქმით, ოსმა სეპარატისტებმა რაიონის მოსახლება უკვე გააფრთხილეს, რომ მომავალი კვირის ორშაბათიდან, ვისაც ფორმა # 9 არ ექნება, ახალგორში შესვლას ვეღარ შეძლებს.
"ოკუპანტები და სეპარატისტები მოსახლეობას ფორმა # 9 შევსებას აიძულებენ და აცხადებენ, რომ უარის თქმის შემთხვევაში, მათ რაიონში აღარ შეუშვებენ. აღნიშნული დოკუმენტი წლის ბოლომდე იმოქმედებს, ხოლო 2011 წლის იანვრიდან ე. წ. ოსური პასპორტების გაცემა დაიწყება და ვინც არ აიღებს მას, საკუთარი სახლის დატოვება მოუწევს", - აცხადებს მოსახლება.
მათი ინფორმაციით, იმ პირებს, რომლებიც რაიონში ჩაწერილები არ არიან, სეპარატისტები "საზღვარგარეთის მოქალაქეებად" მიიჩნევენ და ამ ეტაპზე ოკუპირებულ ახალგორში შეშვებაზე უარს აცხადებენ.