ლეგენდარული ქართველი მუსიკოსი და მომღერალი ნანი ბრეგვაძე 85 წლის გახდა.
ნანი ბრეგვაძე საიუბილეო თარიღს ულოცავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
"85 წლის იუბილეს ვულოცავ ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძეს! თავისი განუმეორებელი შემოქმედებით ქალბატონმა ნანიმ ყველაზე ძვირფასი ჯილდო - სახალხო სიყვარული და აღიარება მოიპოვა. დღეგრძელობას, ბედნიერებასა და კვლავ მრავალ შემოქმედებით წარმატებას ვუსურვებ ქალბატონ ნანის!", - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.
"დღეს ქართული ესტრადის მშვენების, საქართველოს სახალხო არტისტის, ნანი ბრეგვაძის იუბილეა. უახლოეს დღეებში მუსიკოსის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით მუსიკალური საღამო გაიმართება.
ყველასათვის საყვარელი მომღერლის სასცენო მოღვაწეობა კონსერვატორიაში სწავლის პარალელურად, 1956 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებულ საესტრადო ორკესტრში დაიწყო. მომღერალმა მსოფლიოს ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალზე აიღო პირველი ადგილი და გახდა ლაურეატი. ნანი ბრეგვაძე 1959-1964 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრ „რეროს“, ხოლო 1964 წლიდან ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლ “ორერას“ სოლისტი. მუსიკოსის რეპერტუარში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ქართველ კომპოზიტორთა საესტრადო ნაწარმოებებს.
მას დიდი წვლილი მიუძღვის 60-70-იან წლებში ქართული საესტრადო ლირიკული სიმღერის განვითარებასა და პოპულარიზაციაში. ნანი ბრეგვაძეს უკავშირდება რუსული და ბოშური რომანსების საშემსრულებლო კულტურისა და თამარ წერეთლის, ქეთო ჯაფარიძის და იზაბელა იურევას სასიმღერო ტრადიციების აღდგენა. მისი მოღვაწეობა მხოლოდ სასცენო შესრულებით არ შემოიფარგლება. ყველასათვის საყვარელი მომღერალი მონაწილეობდა არაერთი ცნობილი ქართული მხატვრული ფილმის გახმოვანებაში: "ვერის უბნის მელოდიები", "აურზაური სალხინეთში" და სხვ. ნანი ბრეგვაძე 1980 წლიდან სოლო კარიერითაა დაკავებული და მართავს კონცერტებს საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ქალბატონ ნანის ულოცავს 85 წლის იუბილეს, უსურვებს ჯანმრთელობას და შემოქმედებით წარმატებას", - ნათქვამია კულტურის სამინისტროს მილოცვაში.