სოციალური მომსახურების სააგენტო ახმეტის რაიონში მცხოვრები 7 სულიანი ოჯახისთვის დახმარების შეჩერებას უარყოფს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აღნიშნული სააგენტოდან აცნობეს, იამზე ივანიძის ოჯახს სოციალური დახმარება არა თუ შეუწყდა, დროებით შეუჩერდა, რაც მის ოჯახში დემოგრაფიული ცვლილებით იყო გამოწვეული.
"სოციალური დახმარების დანიშვნის პროცედურის განხორციელება მოხდა ოჯახის 8 წევრზე... 2010 წლის სექტემბერში აღნიშნულ ოჯახზე სოციალური დახმარების შეჩერება განხორციელდა, რადგან დემოგრაფიული ცვლილების გამო მიმდინარე წლის 17 სექტემბერს ამ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შესწავლა მოხდა. დეკლარაცია შეივსო 9 წევრზე და ოჯახს მიენიჭა 5980 ქულა. იამზე დიასამიძეს და მის ოჯახს კვლავ დაენიშნა საარსებო შემწეობა 222 (ორასოცდაორი) ლარის ოდენობით", - აცხადებენ სოციალური მომსახურების სააგენტოში.
ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, ივანიძეების ოჯახს შეუძლია 2011 წლის პირველ ივნისამდე, სადაზღვევო კომპანია "იმედი-L"-ში, "სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევითაც" ისარგებლოს, რომელიც მას სახელმწიფო პროგრამით ეკუთვნის.
გარდა ამისა, სოციალური მომსახურების სააგენტოს მტკიცებით, აღნიშნული ოჯახი იმ თვეების დახმარებასაც მიიღებს, რომელიც ოჯახს მისი დროებითი შეჩერების გამო არ მიუღია.
შეგახსენებთ, რომ იამზე ივანიძის ოჯახი ახმეტის რაიონის სოფელ ქორეთში ცხოვრობს. ოჯახს 7 შვილი ჰყავს. ისინი 6 წლის წინ აჭარიდან, შუახევის რაიონიდან ჩამოასახლეს.