მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციაზე "ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია" სიტყვით გამოსვლისას, მოლდოვის დემოკრატიის განვითარების 30-წლიან გზაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის დემოკრატიზაციის გზაზე დაბრუნებაში ევროკავშირის როლი ფასდაუდებელია.
მაია სანდუს განცხადებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის დასაწყისში მოლდოვა პირნათლად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს და დემოკრატიზაციის გზაზე პროგრესს აღწევდა, თუმცა მოგვიანებით ქვეყანა სისტემურ კორუფციაში ჩაეფლო, რამაც შეარყია მოლდოვის რეპუტაცია საერთაშორისო ასპარეზზე და ძირი გამოუთხარა მოსახლეობის ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი.
"ოლიგარქიულმა სისტემამ, კორუფციამ ჩაითრია ქვეყანა და მალევე ჩემი ქვეყნის მოქალაქეები და ბრიუსელი აცნობიერებდნენ, რომ ჩვენ აღარ ვიყავით წარმატებული ქვეყანა. რეფორმები ქაღალდზე დარჩა, დისკუსია დემოკრატიის შესახებ და ანტიკორუფციული ძალისხმევის შესახებ მხოლოდ ლამაზ ანგარიშებში იგზავნებოდა ბრიუსელში", - თქვა მაია სანდუმ.
მოლდოვის პრეზიდენტის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ხელისუფლების სადავეებთან პროდასავლური ძალები აღმოჩნდნენ, მათი მთავარი ამოცანაა, აღადგინონ მოლდოვის, როგორც საიმედო პარტნიორის იმიჯი, რისთვისაც ძირეული რეფორმების გატარება იქნება აუცილებელი.
"ცვლილებები მოხდა ბოლო წლის განმავლობაში, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად და შემდეგ ხალხმა აირჩია კარგი, დემოკრატიული მმართველობა და ძალიან ძლიერი მხარდაჭერა გამოგვიცხადა. ამას ხელს უწყობს ევროკავშირი. რადგან გვაქვს ევროკავშირის ძალიან დიდი მხარდაჭერა ამ დღის წესრიგში, ახალი მთავრობა, ახალი უმრავლესობა პარლამენტში ვალდებულია, სწრაფად განახორციელოს დანაპირები. ჩვენ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ვიმყოფებით, რომ ეს გამოწვევები დავძლიოთ. პრიორიტეტის სახით უნდა აღვადგინოთ მოსახლეობის ნდობა ჩვენს სახელმწიფო ინსტიტუტებზე. ხალხს კვლავ უნდა დავაჯეროთ, რომ სახელმწიფო არსებობს და მუშაობს მათთვის, რათა მოვახდინოთ კონსოლიდაცია ძლიერი ინსტიტუტების. დავიწყოთ იქიდან, რაც ყველაზე მეტად აწუხებს ხალხს, სამართლის უზენაესობა, ანტიკორუფციული ძალისხმევა. ჩვენ უნდა გავწმინდოთ სისტემა კორუმპირებული მოსამართლეებისგან, საჯარო მოხელეებისგან და ეს არის სამომავლოდ ჩვენი ძალისხმევა. აქამდე მუშაობდა სქემები კერძო ფინანსური ინტერესების გათვალისწინებით. ეს წარსულს უნდა ჩაბარდეს. ნაკლები უნდა ვისაუბროთ, ვაკეთოთ მეტი. უნდა არსებობდეს სტაბილური უმრავლესობა და ფუნქციონალური მთავრობა, რათა მნიშვნელოვან წინსვლას მივაღწიოთ და დავარწმუნოთ მოლდოველები, რომ მომავალი შეიძლება, შეიქმნას სახლშიც და ევროკავშირშიც", - აღნიშნა მაია სანდუმ.