საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ "ნებისმიერმა კარგმა იურისტმა იცის, როდესაც ხელს აწერ შეთანხმებას, ეთანხმები მის პირობებს".
კელი დეგნანი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სასამართლო რეფორმის დასრულებამდე, მოსამართლეთა დანიშვნა უნდა შეჩერდეს.
"19 აპრილის შეთანხმება ცხადად და აშკარად ამბობს, რომ მოსამართლეთა დანიშვნები უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ არ გაიმართება ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული განხილვები, რომელიც ამბიციურ სასამართლო რეფორმას მოიტანს. არ ყოფილა არც ინკლუზიური მრავალპარტიული პროცესი, არ ყოფილა არც სასამართლო სისტემის ამბიციური რეფორმა, ამიტომ სასამართლოში დანიშვნები უნდა შეჩერდეს. ამ მიმართულებით შეთანხმება ძალიან ცხადია. მე არ ვფლობ ინფორმაციას არანაირ გვერდით შეთანხმებასა თუ ზეპირ შეთანხმებაზე და ვიცი მხოლოდ ის, რაც დოკუმენტში წერია და რასაც ხელი მოაწერეს "ქართულმა ოცნებამ" და სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა 19 აპრილს. როგორც ნებისმიერმა კარგმა იურისტმა იცის, რომ როდესაც შეთანხმებას აწერ ხელს, ეთანხმები იმ პირობებს, რომლებიც მასშია მოცემული", - განაცხადა კელი დეგნანმა.