ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე სენატორი ბენ კარდინი აცხადებს, რომ მიუღებელი და შოკისმომგვრელია ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტები და ძალადობის შემოქმედები უნდა გასამართლდნენ. სენატორის განცხადებას "ამერიკის ხმა" ავრცელებს.
კარდინი აცხადებს, რომ "სამარცხვინოა" ქართული ოცნების ლიდერების მცდელობა მოახდინონ ჟურნალისტების დისკრედიტაცია.
"5 ივლისს, პრაიდის მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმას, რადიკალური მემარჯვენე ელემენტების მხრიდან, რომელიც წახალისებული იყო "ქართული ოცნების" ლიდერების მიერ, ჟურნალისტებზე ძალადობა მოჰყვა, რომლებიც დაპირისპირებას აშუქებდნენ. ამ ჰომოფობიური ძალადობის შემოქმედებს, ისევე როგორც მათ, ვინც პასუხისმგებელია ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილზე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. სამარცხვინოა, რომ ქართული ოცნების ლიდერები ყურადღების გადატანას იმ პროფესიონალი ჟურნალისტების დაგმობით ცდილობენ, რომლებიც მხოლოდ თავის საქმეს აკეთებდნენ", ამბობს სენატორი.
ჰელსინკის კომისია აშშ-ის მთავრობის დამოუკიდებელი სააგენტოა, რომელიც 1975 წელს შეიქმნა. კომისია ეუთოს რეგიონში ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, ასევე ეკონომიკური, გარემოს დაცვის და სამხედრო თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით, ჰელსინკის შეთანხმებებთან შესაბამისობას აკონტროლებს. ის აერთიანებს სენატის და წარმომადგენელთა პალატის წევრებს, ასევე თითო წევრს სახელმწიფო, თავდაცვისა და ვაჭრობის დეპარტამენტებიდან.