ჩვენი ბერკეტი არის ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების უზრუნველყოფა, ასევე მონიტორინგი, არასაჭირო გასართობი და თავყრილობის ღონისძიებების აკრძალვა, - განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
გაბუნია განმარტავს, რომ დიდი თავყრილობები აკრძალულია, თუმცა ფიქსირდება დარღვევები და ასეთ შემთხვევაში, რეგულაცია აზრს კარგავს, თუ მისი აღსრულება არ ხდება.
„რეგულაციების შემსუბუქების ტემპი ჩვენს შემთხვევაში ძალიან სწრაფი იყო. ამას რა თქმა უნდა თავისი მიზეზები ჰქონდა, ყველაფერს აქვს მიზეზი, მაგრამ ჯანდაცვის კუთხით ჩვენთვის ბევრად საიმედო იქნებოდა, რეგულაციების შემცირების უფრო ნელი ტემპი. თუმცა, ერთია რეგულაციის შემოღება და მეორე – რამდენად აღსრულდება რეგულაცია ინდივიდუალურ დონეზე. შესაძლებელია, უფრო ნაკლები ეფექტი გვქონოდა, თუ ჩვენ ეტაპობრივად შევამცირებდით რეგულაციებს, მაგრამ ახლა, როცა ამ პირობებში ვართ, ვაქცინაციის პროგრამასთან ერთად, ჩვენი ბერკეტი არის ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების უზრუნველყოფა, ასევე მონიტორინგი, არასაჭირო გასართობი და თავყრილობის ღონისძიებების აკრძალვა.
დიდი თავყრილობა აკრძალულია, თუმცა ირღვევა ეს. შრომის ინსპექტირების სამსახურს აქვს ბევრი შემთხვევა, როდესაც ასეთი დარღვევებია. რეგულაცია თუ არ აღსრულდა, ძალიან რთულია იმაზე საუბარი, რამდენად დიდ ხანს უნდა გვქონდეს ეს რეგულაცია, უბრალოდ აზრს კარგავს.
ასე რომ, ჩვენი საზოგადოებისთვის ალბათ გარკვეული ამოსუნთქვის საშუალება უნდა მიგვეცა შეზღუდვების შემსუბუქებით, თუნდაც ღამის საათებში ზაფხულის პერიოდიდან გამომდინარე, მაგრამ ახლა მაინც, ვაქცინაციასთან ერთად, მომდევნო ორი თვე დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ უფრო სწრაფად არ გავრცელდეს ვირუსი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.