მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, დღეს 18:00 საათზე პარლამენტთან აქცია დაანონსდა.
აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნა, პრემიერიმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ყველა იმ მოძალადის დაკავება და დასჯაა, რომლებიც ტვ პირველის ოპერატორს თავს დაესხნენ.
"ტვ 1-ის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც პუტინისტურმა ჯგუფებმა 5 ივლისს, სირცხვილიას ოფისზე თავდასხმისას სასტიკად სცემეს - დღეს გარდაიცვალა.
1. მოვითხოვთ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომას;
2. მოვითხოვთ მომხდარის დამოუკიდებელი ექსპერტებით გამოძიებას;
3. მოვითხოვთ ყველა იმ მოძალადის დაკავებას და კანონის სრული სიმკაცრით დასჯას, რომლებიც ლექსოს დაესხნენ თავს!",- ნათქვამია განცხადებაში.
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ დღეს გახდა ცნობილი. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, მიმდინარეობს ექპერტიზა.
შეგახსენებთ, ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს რადიკალური ჯგუფების მიერ "სირცხვილიას" ოფისის დარბევისას ძალადობის მსხვერპლი გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.