"ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის თქმით, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას, რომელიც დღეს დილით გარდაცვლილი ნახე, ძლიერი ტკივილები ჰქონდა, რადგან სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული.
"დღეს არის ძალიან მძიმე დღე ჩვენთვის. ლექსო იყო ჩვენი გუნდიდან ერთ-ერთი ყველაზე სასტიკად ნაცემი. კლინიკიდან გამოწერის შემდეგ, ბოლოს, პარასკევს ვნახე. ტკივილები ჰქონდა ძლიერი, იმიტომ რომ სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული.
დედა როგორც ჰყვება, გუშინ საღამოს დაბრუნდა სახლში, ჩვეულებრივად დაიძინაო, არაფერი განსაკუთრებული არ ჰქონდაო. დღეს დილით შევიდა დედა, რომ ეთხოვა ძაღლის გასეირნება და ლექსო იყო უკვე გარდაცვლილი," - განაცხადა ნოდარ მელაძემ.
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ დღეს გახდა ცნობილი. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, მიმდინარეობს ექპერტიზა.
შეგახსენებთ, ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს რადიკალური ჯგუფების მიერ "სირცხვილიას" ოფისის დარბევისას ძალადობის მსხვერპლი გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.