თალიბანი თავს დაესხა ავღანეთის სიდიდით მეორე ქალაქ ყანდაარს, რომელიც ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. იტყობინება ადგილობრივი მედია.
მედიის ცნობით, თალიბანის მებრძოლებმა დაიკავეს ორი საგუშაგო. ადგილზე იმყოფებიან ავღანეთის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ წინააღმდეგობა გაუწიონ დაჯგუფების მებრძოლებს.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ქალაქი თალიბანის ძალებით არის გარშემორტყმული და ცდილობენ სიტუაციის მთალიანად გაკონტროლებას.
ცოტა ხნით ადრე, თალიბანის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათი ძალები ავღანეთის 85%-ს აკონტროლებენ.
შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა და ნატო-ს მოკავშირეებმა ავღანეთში მისიის დასრულების შესახებ განაცხადეს. ქვეყნიდან აქტიურად მიმდინარეობს სამხედრო ძალების გაყვანის პროცესი.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ ავღანეთიდან ძალების გაყვანის პროცესს 31 აგვისტოს დაასრულებს.
11 სექტემბერს 20 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების ტერიტორიაზე თავდასხმა განახორციელა ტერორისტულმა დაჯგუფება ალ-ყაიდამ, რასაც ავღანეთში აშშ-ისა და კოალიციური ძალების შესვლა მოჰყვა.
ავღანეთიდან ნატო-სა და ამერიკის ძალების გაყვანის ფონზე, ტერორისტული დაჯგუფება თალიბანი ძალებს იკრებს და ავღანეთის სულ უფრო მეტ ტერიტორიაზე ამყარებს კონტროლს.
ამერიკის სადაზვერვო ანგარიშის მიხედვით, კოალიციური ძალების გასვლიდან ექვს თვეში შესაძლოა ქაბული დაეცეს და ქვეყანა მთლიანად თალიბანის დაჯგუფების ხელში აღმოჩნდეს.