მე არ მაინტერესებს, „ნაცებს“ რას ედავებით, მე მაინტერესებს, ჩვენ რას გვედავებით, რადგან ჩვენი პოლიტიკური პარტია ბოლოს დაამატეთ სრულიად ხელოვნურად ამ აბსურდულ სარჩელს, - ასე მიმართა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შარაშიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, ირაკლი კირცხალიას.
მან უმრავლესობას მოსთხოვა, კონკრეტული არგუმენტებით აეხსნათ, თუ რატომ მოხვდა მათი პოლიტიკური ძალა ამ სარჩელში და კოლეგები პერსონალურ პასუხისმგებლობაზე გააფრთხილა.
"მე არ მაინტერესებს თქვენ ნაცებს რას ედავებით, მე მაინტერესებს, რას გვედავებით ჩვენ, რადგან ჩვენი პოლიტიკური პარტია ბოლოს დაამატეთ სრულიად ხელოვნურად აი, ამ აბსურდულ სარჩელს. კეთილი ინებეთ და ჩვენს დანაშაულებზე ისაუბრეთ, თუ ასეთი არსებობს საერთოდ, კონკრეტულად პარტია "გახარია-საქართველოსთვის" დანაშაული აგვიხსენით, აგვიხსენით, კონკრეტულად კონსტიტუციის რომელი მუხლი დავარღვიეთ? და ამას ვერ ხსნით და თქვენი გამოსვლა არის ამის მტკიცებულება. ელაპარაკებით ნაცებს, რაც ამ 14 წლის განმავლობაში მართლა ძალიან კარგად ისწავლეთ, სხვათაშორის. დღეს ამ ისტორიულ პროცესს რომ ვადევნებთ თვალს, შეგახსენებთ, რომ იმ სარჩელზე, რომელსაც ყველას ხელი მოგაწერინეს, აქ თქვენი პერსონალური პასუხიმსგებლობები იქნება, - თქვა შარაშიძემ.
მან ასევე ილაპარაკა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მისი პოლიტიკური გუნდი ამ დღეს გაემიჯნა.
„ხალხი რასაც ხედავს, მარტივი რამაა, ბოლო წლებში როგორ არის „ოცნება“ დაკავებული სწორედ ხალხის ძარცვით და ეს რომ ვერ დამალეთ, თავად გამოააშკარავეთ, როგორ უპოვეთ ერთმანეთს სახლებში ოქროს ზოდები და მილიონები. მერე რა გინდათ, რომ მართლა ამ გაუმაძღრობით აღშფოთებული ხალხი თქვენს გადარჩევას რომ გადაწყვეტს, ამის უფლება აღარ ჰქონდეს ხალხს და ისევ თქვენ აგირჩიოთ, ამას აკეთებთ, ამიტომ ძალადობთ ხალხზე. კონსტიტუციის მთავარ პრინციპს, რომ ხელისუფლების მთავარი წყარო ხალხია, გინდათ, საერთოდ გადაუსვათ ხაზი. მე-5 დღეა ამ პროცესს ვადევნებთ თვალს და დღემდე ვერ ჩამოაყალიბეთ ჩვენს პარტიას კონსტიტუციის რომელი მუხლი აქვს დარღვეული.
არ შემიძლია 4 ოქტომბერთან დაკავშირებით არ გიპასუხოთ. 4 ოქტომბერთან ჩვენ საერთოდ როგორ გვაკავშირებთ, როდესაც ჩვენ არათუ გავემიჯნეთ 4 ოქტომბერს, როგორც სრულიად უპასუხისმგებლო ავანტიურას და პროვოკაციას, არამედ კარდაკარ ხალხს მოვუწოდებდით არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ, რადგან ჩვენთვის არჩევნების იდეის გადარჩენა იყო მთავარი და მთავარი იყო, თქვენს მიერ დაგებულ ხაფანგში, რაც 4 ოქტომბრის ავანტიურა იყო, ქართველი ხალხი და ჩვენი ქვეყანა არ გახვეულიყო. ეს არის სიმართლე, ამიტომ დარჩება ეს სარჩელი აბსურდულ და მოღალატეობრივ სარჩელად“, - განაცხადა შარაშიძემ.