"კონსერვატორების" ლიდერის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, "ეროვნული საბჭო" რეორგანიზაციას და მენეჯმენტის შეცვლას გეგმავს, რაც მისი თქმით, "საბჭოს" სტრუქტურაში ცვლილებებს გამოიწვევს.
ძიძიგურმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში არ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც პარტიის წევრები კახა კუკავა და მიმი გაბრიჩიძე ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას აპირებენ.
"ეროვნულ საბჭოში რეორგანიზაცია იგეგმება. გვსურს შევცვალოთ მენეჯმენტი. რეორგანიზაცია უკავშირდება საარჩევნო საკითხებს ხმების დათვლას და ასე შემდეგ. აქ საუბარი არ არის დაშლაზე, პირიქით ჩვენ გვსურს, რომ ეროვნული საბჭო უფრო ერთიანი გავხადოთ. უახლოეს დღეებში ამასთან დაკავშირებით ჩავატარებთ ბრიფინგს და დეტალებზე იქ ვისაუბრებთ", - განაცხადა ძიძიგურმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
შეგახსენებთ, რომ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც კახა კუკავამ "კონსერვატორების" რიგები დატოვა და ახალი პოლიტიკური ძალა - "თავისუფალი საქართველო" დააფუძნა. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ პარტიაში კუკავასთან ერთად მიმი გაბრიჩიძე, ოთარ ჭითანავა და ბეჟან გუნავა გაწევრიანდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, კუკავას "თავისუფალი საქართველო" "ეროვნულ საბჭოში" "კონსერვატორებასა" და "ხალხის პარტიას" შეუერთდება.