პარიზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე ქართულ ანიმაციას "მიტოვებული სოფელი" გადაეცა 2 ჯილდო. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
კინოცენტრის ცნობით, ანიმაციამ ჟიურის პრიზი და მაყურებლის ჯილდო დაიმსახურა.
ქართველი რეჟისორის მარიამ კაპანაძის მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი „მიტოვებული სოფელი" პირველად იაპონიაში 23 ნოემბერს ჰოკაიდოს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე აჩვენეს. ფილმმა იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯილდო მიიღო.
ანიმაციური ფილმის მთავარი გმირი - მიტოვებული სოფელია, ადამიანის ერთგვარი მეტაფორა და განსახიერება. მულტფილმში ნაჩვენებია „ადამიანი“, რომელსაც აღარ ახსოვს სამყაროს შექმნის არსი - სიყვარული.
„მიტოვებული სოფელი“ 2018 წელს ეროვნული კინოცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტია, საპროდიუსერო კომპანიაა – საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო მოძრაობა „კვალი XXI“. მარიამ კაპანაძე ფილმის სცენარის ავტორიცაა.