ხვალ, 8 ნოემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართება საზეიმო ცერემონიალი, რომელიც ეძღვნება საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის, იუნესკოს გენერალური მდივნის მრჩევლის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრის, გოჩა ჩოგოვაძის დაჯილდოებას საფრანგეთის ორდენით - "ხელოვნებისა და სიტყვიერების ოფიცერი".
ჯილდოს საფრანგეთის ხელოვნებათა და ფერწერის აკადემიის მდივანი არნო დოტრივი გადასცემს.
გოჩა ჩოგოვაძე მართვის ავტომატიზებული სისტემების ქართული სკოლის ფუძემდებელია. მისი სამეცნიერო კვლევები შეეხება ისეთ ფუნდამენტურ მიმართულებას, როგორიცაა კომპიუტერული მეცნიერება, კერძოდ - ხელოვნური ინტელექტი.
1981-1986 წლებში ჩოგოვაძე მუშაობდა საფრანგეთში, პარიზში იუნესკოს განათლების სექტორის ინფორმატიკის განყოფილების უფროსად. წლების განმავლობაში იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
1988 წლის ბოლოს ჩოგოვაძე აირჩიეს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორის თანამდებობაზე. მისი რექტორობის პერიოდში, 1990 წელს, ინსტიტუტმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტატუსი მიიღო. 1990 წელს კი მიღებულ იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტონომიის დეკლარაცია.
მეცნიერების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის ჩოგოვაძე 1988 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად და პრეზიდიუმის წევრად, ხოლო 1993 წელს - ნამდვილ წევრად.
ჩოგოვაძე საერთაშორისო ტექნიკური ასოციაციებისა და ორგანიზაციების კავშირის პირველი ვიცე-პრეზიდენტია. არჩეულია საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის ვიცე-პრეზიდენტად, რუსეთისა და ჩეხეთის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორად და მრავალი საერთაშორისო აკადემიის წევრად.
1994 წელს ჩოგოვაძე წარგზავნილ იქნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად საფრანგეთსა და ესპანეთის სამეფოში. ამ თანამდებობაზე ჩოგოვაძის მოღვაწეობის შედეგია საფრანგეთისა და ესპანეთის სამეფოს, აგრეთვე, მსოფლიოს სხვა სახელმწიფოების მთავრობათა თანადგომა საქართველოსადმი და საქმიანი წრეების დაინტერესება ჩვენი ქვეყნით.
მეცნიერი დაჯილდოებულია საპატიო ნიშნითა და ღირსების ორდენებით. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის დაბადებიდან 60 წლისთავთან დაკავშირებით იგი 2001 წელს უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდოთი - გიორგი ნიკოლაძის სახელობის მედლით დაჯილდოვდა.