დღეს, საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე, კანის საერთაშორისო კინოფესტივალი 74-ედ გაიხსნება.
ჩვენება დაიწყება ფრანგი რეჟისორის ლეოს კარაქსის მუსიკალური ფილმით "Annette".
ფესტივალის მთავარი ჯილდოს, „ოქროს პალმის რტოს“ მოსაპოვებლად 24 კინოსურათი მონაწილეობს..
კინოფეტივალზე, რომელიც 17 ივლისის ჩათვლით გასტანს, უსაფრთხოების ზომები მკაცრად იქნება დაცული. ფესტივალის სტუმრებს ყოველ 48 საათში PCR ტესტის ჩატარება მოუწევთ, ან უნდა წარადგინონ ევროკავშირის მარეგულირებლის მიერ რეგისტრირებული პრეპარატით ორჯერადი ვაქცინაციის მოწმობა.
როგორც ფესტივალის ორგანიზატორები იუწყებიან, ფესტივალის მთავარი ჯილდო "ოქროს პალმის რტო" უკვე მიიღეს ჟენევიდან, რომელსაც ტრადიციულად საიუველირო სახლი Chopard-ი ამზადებს.
ფესტივალის ჟიურის სახელგანთქმული ამერიკელი რეჟისროი სპაიკ ლი უხელმძღვანელებს. კანის ფესტივალზე საპატიო "ოქროს პალმის რტო" ჯოდი ფოსტერს გადაეცემა.
წელს, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კანის კინოფესტივალზე 34 წლის შემდეგ ბრუნდება თენგიზ აბულაძის ფილმი "მონანიება". ამჯერად ფილმი წარმოდგენილი იქნება სექციაში “კანის კლასიკა”. ჩვენებას დაესწრებიან ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი ავთანდილ მახარაძე და “მონანიების” სცენარის თანაავტორი, რეჟისორი ნანა ჯანელიძე.
„მონანიების” მსოფლიო პრემიერა კანში გაიმართა 1987 წელს. ფილმმა კინოფესტივალის 3 ჯილდო მოიპოვა – ჟიურის „დიდი პრიზი“, „ფიპრესის“ ჯილდო და კათოლიკური ეკლესიის ჟიურის პრიზი ჰუმანიზმისათვის. 1988 წელს კი „მონანიება“ ნომინირებული იყი „ოქროს გლობუსზე“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში. ფილმში მთავარ როლებს ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავები ასრულებენ.
კანის კინოფესტივალი ფილმებს აჩვენებს უმაღლესი ხარისხის ციფრული ფორმატით, ამიტომ ეროვნულმა კინოცენტრმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით 2020 წლის იანვარში დაიწყო ფილმის აციფვრა – რესტავრაცია. შესასრულებელი სამუშაოების კომპლექსურობის გათვალისწინებით, ფილმის სკანირება განხორციელდა პრაღაში, ჩეხური სტუდია UPP-ის მიერ (Universal Production Partners – Prague), ხოლო ე.წ. გრეიდინგი, ფერის და ხმის დამუშავება განხორციელდა საქართველოში, სტუდია „ფონოგრაფის“ მიერ პაატა გოძიაშვილის ხელმძღვანელობით.
სექცია “კანის კლასიკა” 2004 წლიდან არსებობს. ამ სექციაში თავს იყრის კინოფესტივალის პროგრამაში ადრე ნაჩვენები ფილმები, რომლებსაც მაყურებელს ამჯერად ციფრულ ფორმატში რესტავრირებულს სთავაზობენ.