თენგიზ აბულაძის ფილმი „მონანიება“ კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე 34 წლის შემდეგ ბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამჯერად ფილმი წარმოდგენილი იქნება სექციაში „კანის კლასიკა“.
„მონანიების” მსოფლიო პრემიერა კანში გაიმართა 1987 წელს. ფილმმა კინოფესტივალის სამი ჯილდო მოიპოვა – ჟიურის „დიდი პრიზი“, „ფიპრესის“ ჯილდო და კათოლიკური ეკლესიის ჟიურის პრიზი ჰუმანიზმისათვის. 1988 წელს კი „მონანიება“ ნომინირებული იყი „ოქროს გლობუსზე“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში. ფილმში მთავარ როლებს ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავები ასრულებენ.
კანის კინოფესტივალი ფილმებს აჩვენებს უმაღლესი ხარისხის ციფრული ფორმატით, ამიტომ ეროვნულმა კინოცენტრმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით 2020 წლის იანვარში დაიწყო ფილმის აციფვრა – რესტავრაცია. შესასრულებელი სამუშაოების კომპლექსურობის გათვალისწინებით, ფილმის სკანირება განხორციელდა პრაღაში, ჩეხური სტუდია UPP-ის მიერ (Universal Production Partners – Prague), ხოლო ე.წ. გრეიდინგი, ფერის და ხმის დამუშავება განხორციელდა საქართველოში, სტუდია „ფონოგრაფის“ მიერ პაატა გოძიაშვილის ხელმძღვანელობით.
სექცია „კანის კლასიკა“ 2004 წლიდან არსებობს და იგი კინოფესტივალის სტუმრებს მსოფლიოში გამორჩეული, ლეგენდარული რეჟისორების ძველ ფილმებს სთავაზობს, რათა კიდევ ერთხელ მოხდეს ამ ნამუშევრების ხელახალი აღმოჩენა“,- აღნიშნულია ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციაში.