პოლიცია მუშაობს აქტიურად, დღეს სამი პირი დააკავეს, გუშინაც მოხდა ადმინისტრაციული წესით ამდენიმე ადამიანის დაკავება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ის, რაც გუშინ რუსთაველის გამზირზე მოხდა, დასაგმობია.
„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის ყოვლად მიუღებელია ის ძალადობა, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. მინდა, საჯაროდ ეს ფაქტი დავგმო. კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც მოხდა გუშინ. ჟურნალისტებზე, თქვენზე ძალადობა არის მიუღებელი და ეს არის დასაგმობი. პოლიცია მუშაობს აქტიურად, დღეს სამი პირი დააკავეს, გუშინაც მოხდა რამდენიმე ადამიანის დაკავება ადმინისტრაციული წესით. ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდება და ყველა პირი იქნება დასჯილი, ვინც ეს ჩაიდინა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა გუშინ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები.
ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით 55 პირის მიმართ გამოვლინდა ძალადობის ფაქტები, მათ შორის 53 არის სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელი.