"თავისუფალი დემოკრატები" 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს ხელისუფლების მხრიდან ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ მასშტაბურ დანაშაულად აფასებენ. საუბარია იმ პერიოდზე, როდესაც "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს ირაკლი ალასანიას გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის პოსტი ეკავა.
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ გაცხადებაშია აღნიშნული, 2007 წლის 7 ნოემბერს, უხეშად დაირღვა კონსტიტუციითა და საერთაშორისო ნორმებით გარანტირებული მოქალაქეთა უფლებები. დარბევები გამოირჩეოდა გადამეტებული ძალის გამოყენებითა და დაუნდობლობით.
"2007 წლის 7 ნოემბერს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის არც ორგანიზატორები და არც შემსრულებლები აქამდე არ დასჯილან. საზოგადოების იმდროინდელი სამართლიანი მოთხოვნები დღემდე არ დაკმაყოფილებულა; ამ დღეს არამარტო ჩვენი საზოგადოებისთვის არამედ საერთაშორისო საზოგადოებისთვის ნათელი გახდა, რომ ხელისუფლებამ გადაუხვია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზას. ეს დღე ყოველთვის დარჩება მოქალაქეების სამართლიანი პროტეტის გამოხატვის სიმბოლოდ", _ ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული მასშტაბური ანტისახელისუფლო საპროტესტო აქცია პოლიციამ დაარბია. გამოყენებული იყო ცრემლსადენი გაზი, ხელკეტები და რეზინის ტყვიები. შეტაკებებისას რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს ირაკლი ალასანიას იმ დროისათვის გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის პოსტი ეკავა.