ვენეციის კინოფესტივალის საპატიო ოქროს ლომი, კიმენატოგრაფიის განვითარებაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის, ამერიკელ მსახიობს ჯეიმი ლი კერტისს გადაეცემა. იტყობინება ფესტივალის ადმინისტრაცია.
აღნიშნული გადაწყვეტილება კინოფესტივალის დირექტორის ალბერტო ბარბერას წარდგინებით, ვენეციის ბიენალეს საბჭომ მიიღო.
საპატიო ოქროს ლომის გადაცემის ცერემონიალი 8 სექტემბერს, კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება. მანამდე შედგება ფილმის "ჰელოუინი კლავს" კონკურსგარეშე ჩვენება, რომელშიც მთავარ როლს ჯეიმი ლი კერტისი თამაშობს.
ჯეიმი ლი კერტისმა განაცხადა, რომ მისთვის უდიდესი პატივია ვენეციის კინოფესტივალის ამ ჯილდოს მიღება.
ვენეციის საერთაშორისო კინოსფეტივალი წელს 1-11 სექტემბერს გაიმართება. ფესტივალის ჟიურის სამხრეთკორეელი რეჟისორი ბონგ ჯუნ ჰო უხელმძღვანელებს.
ვენეციის კინოფესტივალი საერთაშორისო კინოფესტივალებს შორის ყველაზე ძველია. იგი 1932 წელს დაარსდა.
ფესტივალი ყოველ წელს ტარდება კუნძულ ლიდოზე, ვენეციაში. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალი და ვენეციის ბიენალეს ნაწილი.