"ნაციონალური მოძრაობა" თამარ ჟვანიას გადაწყვეტილებას მიესალმება, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილემ ლევან ბეჟაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მიღებულიაპოლიტიკური ოპოზიციის, სამოქალაქო აქტივისტებისა და საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით.
„ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება იმისათვის, რომ საზოგადოებას გარკვეულწილად ნდობა დაუბრუნდეს საარჩევნო ადმინისტრაციისა და არჩევნების მიმართ. ამისათვის მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჩვენ ახლა ამ პროცესში არ მივიღოთ ახალი თამარ ჟვანია და არ დავუშვათ ეს ვითარება.
ეს, ბუნებრივია, შეიძლება მისი პირადი გადაწყვეტილება ყოფილიყო, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მიღებული არის სწორედ პოლიტიკური ოპოზიციის სამოქალაქო აქტივისტების და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით და ამ შემთხვევაში უკვე მნიშვნელობა არა აქვს, პირადად მან დაწერა განცხადება თუ ვინმემ გაათავისუფლებინა, მთავარია, რომ თამარ ჟვანია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აღარ იქნება და ჩვენ გვექნება საშუალება, რომ ახალი არჩევნების პროცედურით შევარჩიოთ ისეთი კანდიდატი, რომელიც მეტ ნდობას დაიმსახურებს საზოგადოებაში“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.