რუსთავში ქალთა ახალი სასჯელთაღსრულების დაწესებულება გაიხსნა.
საპყრობილის ახალი შენობა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრ ხათუნა კალმახელიძესთან ერთად გახსნა.
დაწესებულება ევროპული სტანდარტების შესაბამისად გარემონტდა და კეთილმოწყობილ საკნებთან ერთად აქ ჩოგბურთის, კალათბურთის და ფრენბურთის მოედნებიცაა მოწყობილი.
"ის, რაც განგვასხვავებს პოსტსაბჭოთა სივრცისგან არის ის, რომ დაუმსახურებელი ხალხისთვისაც კი ვცდილობთ პირობების შექმნას. ბოლო წლებში, ციხის კონტიგენტი სერიოზულად გაიზარდა, მაგრამ თუ დააკვირდებით, ამის პარალელურად, ზუსტად იმდენითვე შემცირდა დანაშაული. ამიტომ, სანამ ავტეხავთ ერთ ამბავს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომაა ამდენი პატიმარი, რაც სახელმწიფოს სულაც არ სიამოვნებს, დავფიქრდეთ, გვინდა თუ არა ბავშვებს ეზოში მშვიდად ვუშვებდეთ და ჩვენს ახლობლებს, როცა შეაგვიანდება გული არ გვისკდებოდეს, მანქანები არ მოგვპარონ და ფულს არ გვძალავდნენ სხვადასხვა ჩინოვნიკები, რომლებიც კორუფციის გამო უკვე ციხეში სხედან. თუ ეს ყველაფერი გვინდა, გვჭირდება ციხეები", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილთან ერთად ქალთა ახალი საპატიმრო დაწესებულება სასულიერო პირებმა და დეპუტატებმაც დაათვალიერეს.
დაწესებულება 1200 პატიმარზეა გათვლილი. მასში ცალკეა გამოყოფილი კორპუსი იმ ქალებისთვის, რომელთაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ.