მე არ შემიძლია უპასუხოდ დავტოვო ბატონი ხაზარაძის საუბარი და მისი გამოსვლა. ჯერ ერთი მინდა ვთქვა, რომ როდესაც ბატონი ხაზარაძე საუბრობს ბატონ ივანიშვილზე, მე შედარებისთვის, ფაქტებით მინდა მივმართო მას და ძალიან სამწუხაროა, რომ იგი არ ესწრება დღეს დარბაზში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის შემდეგ, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხაზარაძე, ანაკლიის პროექტისთვის, რომელსაც იგი თავად უწოდებს საუკუნის პროექტს, დახარჯა 3 მილიონი დოლარი და დღეს ის და მისი ჯგუფი წასულია უცხოეთის სასამართლოში და ქვეყანას უჩივის 1.5 მლრდ. დოლარს, რომ ქვეყანას, ჩვენს ხალხს წაგლიჯოს 1.5 მლრდ.
„ჩვენ აქ, მთელი მთავრობა ვესწრებით, თითოეულის გამოსვლას დავესწარით, ყურადღებით მოგისმინეთ ყველას. ბატონმა ივანიშვილმა 3 მლრდ. დოლარი დახარჯა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის, საკუთარი ჯიბიდან. ბატონმა ხაზარაძემ მეგობრებო, შედარებისთვის - ანაკლიის პროექტისთვის, რომელსაც იგი თავად უწოდებს საუკუნის პროექტს, დახარჯა 3 მილიონი დოლარი. დღეს ბატონი ხაზარაძე და მისი ჯგუფი წასული არის სასამართლოში, უცხოეთის სასამართლოში და ქვეყანას უჩივის რამდენს? – 1.5 მლრდ. დოლარს, რომ ქვეყანას, ჩვენს ხალხს წაგლიჯოს 1.5 მლრდ. - აი ეს არის პასუხი თქვენს დემაგოგიაზე მეგობრებო და თქვენეული ხედვა, ბატონო მამუკა არ არის საუკუნის პროექტი, ეს არის საუკუნის ძარცვის პროექტი, მეგობრებო. მაშინ, როდესაც მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, დაწყებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის და პარტიის თავმჯდომარის ბატონი ივანიშვილის დროს, შემდეგ ჩემი პრემიერობის დროს, ყველა პრემიერის დროს ამ პროექტს ჰქონდა სრული მხარდაჭერა, მთავრობამ დახარჯა 60 მლნ. ლარი, მეორე 300 მლნ. ლარი ჰქონდა აღებული ვალდებულება, მიწები გამოისყიდა, შემდეგ 100 მლნ. დოლარი ჰქონდა ასევე ვალდებულების სახით აღებული და ოთხჯერ გადაუვადეს შესრულება, დღეს რომ ჩახვალთ ანაკლიაში, ნახავთ, რომ იქ არის ქვიშის გორები და ხალხი ვერ სუნთქავს ადგილზე იმიტომ, რომ დაიწყეს რაღაც სამუშაოები, რაც გითხარით, ჩემი ინფორმაციით, 3 მლნ. დოლარი არის დახარჯული, ბატონი ხაზარაძის და მისი ჯგუფის მიერ და რეალურად შესრულებულია არაფერი, ამბობენ, რომ დახარჯეს 80 მილიონი, დავუშვათ დახარჯეს 80 მილიონი, მაინც უჩივიან 1.5 მილიარდს, ამდენი ფარისევლობა და სიყალბე არის დამღუპველი მეგობრებო, დამღუპველია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.