დღეს, 6 ნოემბერს, 15:00 საათზე სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" "ქართული აკადემიის" ინიციატივით არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "ქართული აკადემიიდან" აცნობეს, შეხვედრაზე მხარეები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო გარემოს შესახებ მოლაპარაკების დაწყებას განიხილავენ, კერძოდ _ რა პასუხისმგებლობა აკისრია რვა ოპოზიციური პარტიის საზოგადოების წინაშე.
შეხვედრაზე მიწვეულები არიან ის ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც გამოთქვეს მზადყოფნა, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების შესახებ ხელისუფლებასთან მოლაპარაკება გამართონ.
შეხვედრის მონაწილეები აღნიშნული პარტიების წარმომადგენლებისაგან მოისმენენ, რა ვადებში რა კონკრეტულ შედეგს ელიან ამ მოლაპარაკებებიდან, რამდენად პრინციპული და ერთსულოვანია მათი პოზიცია, რა ფორმითა და ინტენსივობით წარმოუდგენიათ საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა ამ პროცესში, აქვთ თუ არა სათანადოდ გააზრებული ის პასუხისმგებლობა, რომელიც იტვირთეს ხალხისა და ქვეყნის წინაშე.
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლები შეხვედრის მონაწილე პარტიებს მიაწვდიან თავიანთ წინადადებებსა და რეკომენდაციებს.