დღეს, 6 ნოემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართება საიუბილეო სხდომა, რომელიც ეძღვნება ქართველი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, მანქანათა მექანიზმების თეორიის დარგში ქართული სკოლის ფუძემდებლის, დავით თავხელიძის დაბადებიდან 100 წლისთავს.
დავით თავხელიძე სათავეში ედგა სივრცითი და სფერული სახსროვანი მექანიზმების კვლევისა და შესწავლის საქმეს, რომელიც ამჟამად წარმოადგენს მექანიზმებისა და მანქანების თეორიის ერთ-ერთ განვითარებულ და მოწინავე სამეცნიერო მიმართულებას. მექანიზმებისა და მანქანების თეორიის კათედრა, რომელიც დაფუძნდა და განვითარდა თავხელიძის ხელმძღვანელობით, ამჟამადაც სათავეში უდგას მექანიზმების თეორიის შესწავლასა და განვითარებას საქართველოში.
მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი დავით თავხელიძე არის ერთადერთი ქართველი მეცნიერი მექანიკოსი, რომელიც შეტანილია ბიოგრაფიულ ცნობარში "მათემატიკოსები და მექანიკოსები" მსოფლიოში აღიარებული მეცნიერების - აკადემიკოსების ი. არტობოლევსკის, ი. ბრუევიჩისა და სხვათა გვერდით.