საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა ვაზიანის სამხედრო ნაწილის, 42-ე ბრიგადაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა.
როგორც სახალხო დამცველმა განაცხადა, იგი მონიტორინგის და პრევენციის ჯგუფის წევრებთან ერთად ვაზიანის სამხედრო ნაწილში შეხვდა და გაესაუბრა, როგორც ინციდენტში მონაწილე ჯარისკაცებს, ასევე სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობას.
"ჯარისკაცების გადმოცემით, ინციდენტი მოხდა თავად ჯარისკაცებს შორის და ამის მიზეზი გახდა ერთი ერთეული დაკარგული ცეცხლსასროლი იარაღი", - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.
გიორგი ტუღუშმა აღნიშნა, რომ ინციდენტის შედეგად რამდენიმე ჯარისკაცს აღენიშნებოდა მსუბუქი ხარისხის დაზიანებები, ერთ-ერთს ჯარისკაცს აღენიშნებოდა თვითდაზიანება, მან განაცხადა, რომ პირადად გადაისერა ხელი.
სახალხო დამცველის თქმით, დაზიანების მქონე ჯარისკაცები იმყოფებოდნენ ჩვეულებრივ სამხედრო ფორმაში სხვა ჯარისკაცებთან ერთად.
ტუღუშის განცხადებით, სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობამ მას განუცხადა, რომ აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, რომელსაც აწარმოებს სამხედრო პოლიცია.