დღეს, 5 ნოემბერს, 19:00 საათზე, მოზარდ მაყურებელთა თეატრში ლიტერატურულ კონკურს "წეროს" გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.
კონკურსის მთავარი პრიზი _ ვერცხლის წერო და 2 000 ლარი მიიღო მარიამ ბექაურმა, მოთხრობისთვის "ბავშვობა, როგორც სინამდვილეში", II ადგილი და 1 000 ლარი _ ალეკო ცქიტიშვილმა, მოთხრობისთვის "მთაზე ასვლა", ხოლო III ადგილი და 500 ლარი _ თეა თოფურიამ, მოთხრობისთვის "Dისაპპეარანცე".
სპეციალური პრიზები მიენიჭათ, აგრეთვე, რეზო ნასარიძეს, მოთხრობისთვის "იობის წიგნი", ფირცხალავას, მოთხრობისთვის "ბარონია".
მკითხველის პრიზი, ასლარიანი ვაუჩერი წიგნის მაღაზიათა ქსელში, ლელა კოდალაშვილმა მიიღო. ამას გარდა, ოთხი აქტიური მკითხველი 50-50-ლარიანი ვაუჩერებით დაჯილდოვდა.
ლიტერატურული კონკურსი "წერო" 2010 წლის სექტემბერში დაიწყო და ორ ეტაპად ჩატარდა. კონკურსის პირობების თანახმად, მონაწილეებს ერთი თვის ვადაში უნდა გაეგზავნათ თავისუფალ თემაზე დაწერილი 5-იდან 10 გვერდამდე მოცულობის პროზაული ნაწარმოები. კონკურსის პირველ ეტაპზე გაგზავნილი 104 ნაწარმოებიდან ჟიურიმ 11 საუკეთესო ნაშრომი შეარჩია.
კონკურსის მეორე ეტაპზე ჟიურის მიერ შერჩეული ნაშრომები ინტერნეტპორტალ ლიტერატურა.გე-ზე გამოქვეყნდა, სადაც ნამუშევრებს პორტალის ავტორიზებული მომხმარებლები აფასებდნენ.
კონკურსზე 11 მოთხრობა იყო წარდგენილი: "ლაბორატორია კანდიდო", "მთაზე ასვლა", "სამკუთხედი", "ბავშვობა, როგორც სინამდვილეშია", "დაკრძალვა", "წითელი", "წითელი წიგნი, ანუ - ტჰინგს ყოუ ლეტ გო", "ოპერაცია სქელი ტრაკი", "იობის წიგნი", "ბარონია", " Dისაპპეარანცე".
ინტერნეტ ხმის მიცემით გამოვლინდა საუკეთესო სამეული. პირველ ადგილზე გასულმა კონკურსანტმა 2 000 ლარს მიიღო, მეორე ადგილზე გასულმა - 1000 ლარი, მესამე ადგილზე გასულმა - 500 ლარი. ნაწარმოებების ავტორთა ვინაობა, ტრადიციისამებრ, დაჯილდოების მომენტამდე არ მჟღავნდებოდა.
სპონსორმა კომპანიებმა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ სხვა გამორჩეული ნომინანტები და ყველაზე აქტიურ მკითხველებიც დააჯილდოვეს.
ლიტერატურული კონკურსისთვის ნაწარმოებები შეარჩია 7-კაციანმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ შადიმან შამანაძე, შოთა იათაშვილი, დავით ქართველიშვილი, ირაკლი ჯავახაძე, ბაჩო კვირტია, გურამ მეგრელიშვილი,
ლექსო ჯახუა.
პორტალ ლიტერატურა.გე-ის მიერ მოწყობლი კონკურსი "წერო" მიზნად ისახავს თანამედროვე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას და ქართულ მწერლობაში ახალი ავტორების წარმოჩენას.