ახმეტის რაიონის სოფელ ქორეთში მცხოვრები ივანაძეების 9-სულიანი ოჯახი სოციალური დახმარების გარეშეა დარჩენილი. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ივანაძეები 6 წლის წინ აჭარიდან, შუახევის რაიონიდან ჩამოასახლეს. ოჯახს 7 ბავშვი ჰყავს. უფროსი 17 წლისაა, უმცროსი 6 თვის. იამზე ივანაძის თქმით, ოჯახს დახმარება მეშვიდე ბავშვის დაბადების შემდეგ მოეხსნა.
„სამი თვეა სოციალური დახმარება აღარ გვეძლევა. მანამდე 200 ლარს ვიღებდით. თვეში 3 ტომარა მარტო ფქვილი გვჭირდება. ეხლა პურიც აღარ გვაქვს და გაუსაძლის პირობებში ვართ", - ამბობს იამზე ივანაძე.
სახლი, რომელშიც ივანაძეები ცხოვრობენ, ავარიულია. ერთ ოთახში იატაკი ჩანგრეულია, დანარჩენ ორ ოთახშიც დაზიანებული და რომ არ ჩაინგრეს ფიცრებითა და მავთულებით არის გამაგრებული. წვიმის დროს ოთახებში წყალი ჩადის. ივანაძეებს საკმარისი საწოლებიც არ აქვთ, 4 საწოლში 9 ადამიანს სძინავს.
5 ბავშვი სასკოლო ასაკისაა, მაგრამ სკოლაში ვერ დადიან. იამზე ივანაძის თქმით, სკოლა მეზობელ სოფელშია, 5 კილომტრის მოშორებით და ბავშვებს სიარული უჭირთ.
„ერთი ავტობუსის დანიშვნას ვითხოვდით, რომ ბავშვები სკოლაში ეტარებინა, მაგრამ ისიც არ დანიშნეს. 5 კილომეტრს ბავშვი ფეხით რომ გაივლის, იმას სწავლის თავიღა ექნება? თან მეცხვარეები არიან გზაზე და იმხელა ძაღლები ჰყავთ, გვეშინია ბავშვების სკოლაში გაშვება. არც წიგნები აქვთ. წელს მივიყვანე ბავშვი პირველ კლასში და სახელმძღვანელოები არ მისცეს. დანარჩენ ბავშვებს კიდევ შეცდომით მისცეს წიგნები და უკან დავაბრუნე. არც კალმები და რვეულები აქვთ. წერა-კითხვა არ იციან ბავშვებმა," - აღნიშნა იამზე ივანაძემ.
იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრებელი პირობები არ გაუმჯობესდა, ეკომიგრანტების ოჯახი ისევ აჭარაში დაბრუნებას გეგმავს.
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი ივანაძეების ბინას სიცოცხლისათვის საშიშად არ მიიჩნევს. კობა მაისურაძის თქმით, არც ივანაძეები და არც ეკომიგრანტების რომელიმე სხვა ოჯახი ისეთ სახლში არ ცხოვრობს, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის განყოფილებაში ივანაძეების ოჯახთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთეს.