"თბილისმა უნდა იცოდეს, რომ რუსეთი თავის მოქალაქეებს გაჭირვებაში არ მიატოვებს", _ ამის შესახებ რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა კონსტანტინე კოსაჩოვმა ქართული მხარის მიერ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დაკავებული პირების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
"ეს ძალიან სერიოზული ვითარებაა. ვინც საქართველოში ახალი პროვოკაცია დაიწყო, უნდა იცოდნენ, რომ რუსეთი თავის მოქალაქეებს გაჭირვებაში არ მიატოვებს", - აღნიშნა კოსაჩოვმა.
მისი თქმით, დაკავებულებს არანაირი ურთიერთობა არა აქვთ სპეცსამსახურებთან.
შეგახსენებთ, რომ შსს-მ ჯაშუშების დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა. დაკავებულია 13 პირი, რომლებსაც ჯაშუშობა და რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოსთან - ე. წ. გრუსთან ფარული კავშირი ბრალდებათ.
კონტრდაზვერვის დეპარტმენტის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 15 პირი, რომელთაგან ორს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება. 6 საქართველოს შეიარაღებული ძალების მფრინავია, ხოლო 4 - რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.