საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაცია "ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
მათი ინფომაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვრცელ კომენტარს პრეზიდენტის პრეს-სპიკერი მანანა მანჯგალაძე სამშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტმა 15 ოქტომბერს 112 ხმით 5-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
კონსტიტუციის შერეულ, ევროპულ მოდელზე მუშაობა წელიწად-ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. მის მომზადებაში მონაწილეობა ქართველმა კონსტიტუციონალისტებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა, ექსპერტებმა, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიიღეს. კონსტიტუციის სახელმწიფო კომისიამ ევროპული კონსტიტუციების შესწავლისა და საერთაშორისო ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად მოამზადეს საბაზისო დოკუმენტი, რომელიც ბერლინის კონფერენციისა და ვენეციის კომისიის მიერ იქნა განხილული. ახალი სისტემით მთავრობის დაკომპლექტებას პარლამენტი განახორციელებს და პრეზიდენტი ამ პროცესში "არბიტრის" ფუნქციას შეასრულებს. სიახლეა ქვეყნის პრეზიდენტისთვის ე. წ. "მიძინებული" ფუნქციების მინიჭება, რომლებიც ქვეყანაში საგანგებო და კრიზისულ სიტუაციებში ამოქმედდება.