"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს და პოლიტიკურ ძალას, 25 ნოემბერს სახალხო კრებას შეუერთდნენ. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მოძრაობის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
"დღევანდელი ხელისუფლების ავტორიტარული მმართველობის შედეგად ქვეყანაში შექმნილი რეალობა საქართველოს მოსახლეობას ერთადერთ გზას გვიტოვებს: მოვიწვიოთ დიდი სახალხო წარმომადგენლობითი კრება, რომელიც ხალხს შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი ნება გამოხატოს და აღასრულოს. 25 ნოემბერს ლოკომოტივის სტადიონზე სრულიად საქართველოს მოსახლეობა დიდ სახალხო წარმომადგენლობით კრებაზე სააკაშვილის ხელისუფლებას განაჩენს გამოუტანს", - აღნიშნა ბურჯანაძემ. მისი თქმით, მან იმ ოპოზიციურ პარტიებს მიმართა, რომელთა მიზანიც არის, საქართველოს ჩამოაშოროს სააკაშვილის ხელისუფლება და ხალხის გვერდით დადგეს.
"სწორედ სააკაშვილის წისქვილზე ასხამს წყალს რეალური ოპოზიციური ძალების ცალ-ცალკე დგომა. დღეს არ არის პირველ-მეორეობის დრო. პირველობა საქმის კეთებას მოაქვს. ყველა პარტიას შეუძლია საკუთარი საქმით, საკუთარი პოზიციით დაამტკიცოს, რომ პირველი ადგილი შეუძლია დაიკავოს სახალხო კრების პროცესში", - აღნიშნა მან.