საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროფესიული სწავლების ცენტრ "სპექტრს" ეწვია და მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორისა და შემდუღებლის ახალი სასწავლო კურსის პრეზენტაციას დაესწრო.
პრეზიდენტი გაეცნო სხვადასხვა პროფესიაში მიმდინარე სასწავლო პროგრამებს.
"საბჭოთა კავშირის დროს ჩაეყარა საფუძველი, რომ ქართველებს ყველაზე მეტად არ უყვარდათ პროფსასწავლებლები და ჯარი. შესაბამისად, ქვეყანა რომ დაიშალა, ცოტა გვყავდა ოფიცრები და სპეციალისტები და ვინც გვყავდა, ისიც გაიქცა. ამიტომ ჩვენი დაშლა არ დაწყებულა 90-იან წლებში, არამედ მანამდე - ჯერ კიდევ 70-იან წლებში დაიწყო", - განაცხადა სააკაშვილმა პროფესიულ ცენტრში სტუმრობისას.
ცნობისთვის, ახალი სასწავლო კურსის კლას-კაბინეტები აღჭურვილია CATERPILLAR(CAT) -ის უახლესი სიმულატორებით და LINCOLN ELECTRIC-ის თანამედროვე შედუღების აპარატებითა და ხელსაწყოებით. უნიკალური ტექნიკა, რომლის ანალოგი საქართველოში არ არსებობს, USAID-ის პროფესიული განათლების პროექტის ფარგლებში იქნა შეძენილი.
ახალი სასწავლო კურსის შემოღება მძიმე სამშენებლო ტექნიკის მართვისთვის გამკაცრებული უსაფრთხოების ზომების დაწესების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის რეკომენდაციამ განაპირობა. ამ მიმართულებით სასწავლებელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის პროფესიონალებს მოამზადებს და უზრუნველყოფს მათ დასაქმებას.