რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ "ჯაშუშური ისტორია" სააკაშვილის რეჟიმის პროვოკაციაა და მისი გახმაურების დროც შემთხვევით როდია შერჩეული. მათი განცხადებით, თბილისის განცხადებები ჯაშუშური ქსელის საქართველოში გაშიფვრასთან დაკავშირებით პროვოკაცია და პროპაგანდისტული ნაბიჯია. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედიასაშუალებები ავრცელებენ.
"სააკაშვილის რეჟიმს ანტირუსულ საფუძველზე ქრონიკული ჯაშუშომანია სჭირს. უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებას არაერთგზის მიუმართავს მსგავსი სკანდალების ფაბრიკაციისთვის. ცინიკური გათვლა კი შიდაპოლიტიკური ან საგარეო პოლიტიკური დივიდენდების მიღება იყო", _ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც საქართველოში ჯაშუშური ქსელის გაშიფვრას ეხმაურება.
მათი განცხადებით, სკანდალის აგორების დრო შემთხვევით როდია შერჩეული _ მალე უნდა გაიმართოს ნატოს სამიტი ლისაბონში და ეუთოს სამიტი ასტანაში.
"ამ მეთოდებით საქართველოს ხელისუფლება ყურადღების მიქცევას ცდილობს. მეორე თვალსაჩინო მიზანი კი ქვეყანაში ანტირუსული ისტერიის შენარჩუნებაა. თუმცა თეთრი ძაფით შეკერილ ამ პროვოკაციას ის ეფექტი ნამდვილად ვერ მოჰყვება, რომელსაც მისი ორგანიზატორები ელიან. თბილისის მსგავსი პროპაგანდისტული ტრიუკების ფასი უკვე ყველამ კარგად იცის", _ აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.